ხორვატიის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ნიკო კრანჩარი, რომელმაც მიმდინარე სეზონი პრემიერლიგის აუტსაიდერ "პორტსმუთის" შემადგენლობაში დაიწყო, კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. მხარეებმა უკვე მოაგვარეს ყველა ფორმალობა და კონტრაქტიც ოფიციალურად გააფორმეს.
ლონდონელებს, რომლებიც კრანჩარს დაშავებული ლუკა მოდრიჩის (ისიც ხორვატია) შემცვლელად მოიაზრებენ, ბალკანელი ფეხბურთელის ტრანსფერი 2 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს, როცა "პორტსმუთმა" კრანჩარი შეიძინა, გუნდს სწორედ "ტოტენჰემის" ამჟამინდელი დამრიგებელი ჰარი რედნაპი ხელმძღვანელობდა. "მართალია, მოდრიჩის ტრავმამ ძალიან დამაფიქრა, მაგრამ საბედნიეროდ მალევე მოვახერხეთ მისი შემცვლელის მოძებნა. ნიკოს შესაძლებლობები მშვენივრად ვიცი. თავის დროზე "პორტსმუთს" სწორედ მე ვთხოვე ნიკოს შეძენა, დღეს კი ჩვენი ტანდემი უკვე "ტოტენჰემში" აღდგა. კიდევ მყავს ორი შესანიშნავი ხორვატი ფეხბურთელი - მოდრიჩი და ჩორლუკა, რომლებიც კრანჩარს ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმარებიან", - აღნიშნა რედნაპმა. 2006-09 წლებში კრანჩარმა "პორტსმუთის" შემადგენლობაში 80 პრემიერლიგური შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 9 გოლის გატანა მოახერხა. ხორვატის ეროვნული გუნდის ფორმით გამართულ 47 მატჩში კი, მეტოქეთა კარია აღება 7-ჯერ შეძლო.
|