ლონდონის “ჩელსის” გოლკიპერი, პეტერ ჩეხი ინგლისის ჩემპიონტში თავისი გუნდის სტარტით კმაყოფილია და მიიჩნევს, რომ კლუბში მიღებული დადებითი ემოციური მუხტი სანაკრებო ასპარეზობისას დაეხმარება.
“ვფიქრობ, “ჩელსის” წარმატება დადებითად აისახება ნაკრებში ჩემს გამოსვლაზე. ჩვენი უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ “ჩელსი” კარგ შედეგებს აჩვენებდა მისტერ ანჩელოტის მოსვლამდეც. ამან ერთიან გუნდად დარჩენაში ხელი შეგვიწყო. ყველამ იცის, რომ სეზონი გრძელი და რთულია, თითოეული ქულისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თვით ის გუნდებიც, რომლებიც სეზონის მიწურულს სატურნირო ცხრილის ბოლოში იმყოფებიან, ყოველ მატჩში რაც შეიძლება მეტი ქულის დასაუფლებლად იბრძვიან. ჯერ მხოლოდ იმ გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობდით, რომლებიც სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფებიან. ამან ჩვენზე გარკვეული ზეწოლა მოახდინა, რადგან მათ ჩვენგან განსხვავებით, წაგებისთვის განსაკუთრებულად არ გააკრიტიკებდნენ. ჯერჯერობით, მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ, რაც მახარებს”, - განაცხადა ჩეხმა Sky Sports-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მსოფლიოს 2010 წლის შესარჩევი ტურნირის მატჩებში, ჩეხეთის ეროვნული გუნდი სლოვაკეთისა და სან მარინოს ნაკრებებს დაუპირისპირდება.
|