ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო, კიევის “დინამოში” დაბრუნდა და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. უკრაინული გამოცემა “ბლიკის” ინფორმაციით, “დინამომ” შევჩენკო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში უკვე შეიყვანა და ფორვარდი კიეველთა ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს. აქამდე, აღნიშნული ნომრით ბრაზილიელი კარლოს კორეა თამაშობდა, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ერთწლიანი იჯარით “ატლეტიკო მინეიროში” იასპარეზებს. შევჩენკო, რომლის სატრანსფერო უფლებები ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნოდა, ინგლისელებმა ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ შეიყვანეს და ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი კლუბს დატოვებდა. შევჩენკოს “ჩელსიდან” შესაძლო წასვლის თაობაზე, ინფორმაცია პარასკევს “არისტოკრატთა” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმაც დაადასტურა. საბოლოოდ კი, უკრაინელი მშობლიურ კლუბში აღმოჩნდა, რომელიც მისი უკან დაბრუნების სურვილს არ მალავდა. ფორვარდმა, რომელსაც ერთ თვეში 33 წელი შეუსრულდება, 1994-1999 წლებში “დინამოს” შემადგენლობაში უკრაინის ჩემპიონატში 117 მატჩი ჩაატარა და 60 გოლი გაიტანა.
|